9mta

Lambic (ლამბიქი)

ლამბიქი არის ერთ-ერთი უძველესი ლუდის სტილი (ლიტერატურაში გვხვდება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა ლამბიქის ხარშვის ტექნიკა და შინაარსი მოდის უძველესი პერიოდიდან), რომელიც შეინარჩუნეს ბელგიელმა მხარშველებმა და თანამედროვე ლუდის ინდუსტრიაში მოახერხეს მისი დაბრუნება და ინტეგრირება იმ სახით, რომ დღესდღეისობით ლამბიქები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მიჩნეულია ლუდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურად.

ლამბიქების წარმოშობის ადგილი არის ბრიუსელი და მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია, მაგალითად ლამბიქები აქტიურად იხარშებოდა კანტილონის (რომელიც დღესაც ერთ-ერთი ტოპ სახარშია ამ მიმართულებით) სახარშში. ლამბიქების ლუდს სხვა სტილებისგან გამოარჩევს ფერმენტიზაციის კონკრეტული მექანიზმი. ფერმენტიზაცია ხდება გარეული ჯიშის საფუარით და ბუნებრივი ბაქტერიებით, რაც შედეგად გვაძლევს მშრალ, ღვინისებრ, სიდრისებრ, მჟავე გემოს მქონე სითხეს, სიმჟავის მისაღებად ხშირად ამატებენ ფერმენტიზაციის დროს ხილებს, რაც საკმაოდ დელიკატური პროცესია და ხშირად ფერმენტაციას სჭირდება თვეები, რომ დაასრულოს პროცესი და წლები, რომ მიიღოს საბოლოო სახე. სიმჟავე ასევე საკმაოდ დომინანტურია გემოს შემდეგ ეფექტში და როგორც წესი, გამოირჩევა დიდი ხანგრძლივობით.

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ლამბიქების ხარშვის ტექნიკებმა განიცადა ბევრი იმპროვიზაცია და განვითარდა სხვადასხვა მიმართულებით, ლამბიქი შეიძლება იყოს გოზი (Gueuze) (როდესაც ხდება სხვადასხვა ასაკის ლამბიქების შერევა და იწყება მეორე ფერმენტიზაცია) ან კრიკი (kriek) (მჟავე ალუბრით ფერმენტიზაციის შედეგად მიღებული სითხე), ეს მიმართულებები ასევე ბელგიური ინსპირაციებია და შინაარსობრივად არ ცდება ლამბიქის დეფინიციას. ზოგადად, ნებისმიერი მჟავე (Sour) ლუდის ფერმენტაციის ტექნიკა არის იდენტური და ლამბიქებიც ამ კატეგორიაში შემავალი სტილია.

- 9 Mta Team, 2023-11-02